понедельник, 14 сентября 2009 г.

პირველკლასელობა








მოკლედ დღეს სასწავლო პროცესში ვარ ჩართული დილიანად...სკოლებში სწავლა დაიწყო...სახლის წინ, სადაც ვცხოვრობ ორი სკოლაა, ერთი კერძო და ერთიც საჯარო. ხმაური თუ ჟრიამული ადრიანად მესმოდა ჯერ კიდევ ლოგინში. ისე, საერთოდ მთელი წლის განმავლობაში დილით ცხრის ნახევრიდან იწყება საცობი ჩემი ჭიშკრის წინ განსაკუთრებით წვიმაში.
თათბირზე შევთანხმდით რომ გაზეთის ამ ნომერში ერთი გვერდი სასწავლო წლის დაწყებისთვის დაგვეთმო და ამისთვის ფოტოების გადაღება ასე ვთქვათ მე ვითავე:) (ეს იმიტომ რომ ჩემი კოლეგა რომელიც საერთოდ განათლების გვერდზე მუშაობს შვებულბაშია და თან ძალიან მიყვარს ფოტოგრაფობაც)  

კარგა ხანია პირველკლასელების პირველი დღე არ მენახა და დარწმუნებული ვიყავი რაღაც შეცვლილი დამხვდებოდა, უფრო ორიგინალურს და დახვეწილს ვნახავდი ამ ყველფერს ვიდრე ეს ჩემს დროს იყო. კაცმა რომ თქვას ადამისა და კოკოს დროში არც მე დამიმთავრებია სკოლა, მაგრამ კარგად მახსოვს როგორ მაიძულებდნენ ასობით ადამიანის წინ გამოვსულიყავი და მეთქვა ლექსი კიბეებზე, სკოლის შენობის წინ, რომელიც სინამდვილეში მართლა ვიცოდი, მაგრამ იმოდენი ხალხის წინაშე, დარწმუნებული ვარ დღესაც გამიჭირდება გამოსვლა. ტირილით არ მიტირია, მაგრამ მეგონა რომ ეს ყველაფერი საუკუნეს გაგრძელდებოდა და მგონი პირველ დღესვე შემზიზღდა ის სკოლა ამიტომაც. მაშინ როცა მოუთმენლად ველოდებოდი ბაღის დამთავრებას და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ჩემს ცხოვრებაში–სკოლას.
დღეს მივხვდი რომ ეს ყველაფერი არ შეცვლილა, პირიქით ახლა უფრო მტანჯველად მომეჩვენა ეს ყველაფერი, აი რა სურათი ვნახე დღეს ერთ–ერთ საჯარო სკოლაში: სკოლის შესასვლელში ერთი ქალბატონი, რომელიც სავარაუდოთ სკოლაში ორგანიზატორი იყო ბავშვებს სიმაღლის და მიხედვით ალაგებდა: ~გოგო–ბიჭი; გოგო–ბიჭი; მშობლები უკან. ყვავილები ლამაზად დაიჭირეთ ხელში ბავშვებო. გაიმართეთ; თქვენ რომელკლასელები ხართ? მეხუთე ზემოთ მეორეზე ადით, სასწრაფოდ, მე–11 კლასი მარჯვნივ დერეფნის ბოლოს, ჩქარა ქუჩაში ნუ დგახართ ბიჭებო შემოდით~ და ამ წყობასა და ეიფორიაში პირველკლასები ელოდებოდენ პირველ მასწავლებელს, დერეფანში შემოსულებს კი სხვადასხვა საკლასო ოთახებში ისტუმრებდა. ეს ყველაფერი კი სკოლის დერეფანში, შესასვლელ კარების წინ ხდებოდა; რამდენიმე წუთი ამ ყველაფერს ვუყურე, იქვე რამდენიმე ფოტო გადავიღე და წამოვედი... ჯერ კიდევ არ იყო ცხრა საათი. 
პირველი ზარის დარეკვას თითქმის 20 წუთი აკლდა, კიდევ ერთ საჯარო სკოლას, ფოტოების გადასაღებად რომ შევუარე. აქ სანახაობა უფრო შთამბეჭდავი იყო: უკვე წვიმდა, მაგრამ არა ისე კოკისპირულად ბათუმმა რომ იცის. სკოლის ეზოში ოცამდე მშობელი და მოსწავლე შეკრებილიყო; იქვე იყო დირექტორი და ორი თუ სამი მასწავლებელი; ჩართული პატარა მაგნიტოფონი, ხელში ეჭირა მასწავლებელს და კასეტაზე ჩაწერილი ფონოგრამა შრიალებდა, სიმღერას კი ზაფხულსა და ყავავილების მოსვლაზე მესამე კლასელები პირველკლასელების საპატივცემულოდ მღეროდნენ (ამავე სკოლის პედაგოგმა ამიხსნა ვინ ვინ იყო)
 სკოლის შესასვლელში, თითქმის ყველა პირველკლასელს მათზე გრძელი თაიგული ეჭირა ხელში და რამდენი მათგანი ისე აკვარკვარებდა ცრემლებს ახლა ვხვდები რომ საცოდაობისგან ფოტოს გადაღებაც ვერ მოვიფიქრე ფოტოებისთვის მისულმა...
გაწვიმდა, კიბეებიდან დერეფანში გადმოინაცვლენ...ამასობაში პირველი ზარიც დაირეკა...


p.s  ჩემი პირველი კლასის ფოტოსაც აუცილებლად დავდებ, მოგვიანებით: )