пятница, 25 сентября 2009 г.

უცნობი ლექსები

გამოდი კაბიდან,
გამოდი თმებიდან,
დაღლილი სამყაროს რიტმიდან გამოდი.
დღეს ჩამოვიხსენი
სიმძიმე მხრებიდან
და ტანზე ზაფხულის ყვავილი ამომდის.
გამოდი სულიდან,
გამოდი წვიმაში,
პერანგს რომ ბრინჯაოს სხეული ააკრა.
ჩაწექი შიშველი
მხურვალე სილაში,
მთვარე ზღვის ნაპირებს ალერსით დააკვდა.
გამოდი და ისე
თამამად მიყურე,
მიჭირდეს დიდი ხნით მე შენი გაძლება.
სარკიდან გამოჭრილ
ალესილ ფიგურებს
შენი ანარეკლი გაუვლის, გაძვრება.
გამოდი და მზეზე
გული დაასვენე,
სიახლის ძიებით დამფრთხალი, ნარბენი.
ესპანურ კანტატას
მღერიან მასები
და კვდები ცეკვაში ცეცხლივით კარმენი.
გამოდი, სისხლივით
ჩქარია კორიდა,
გამოდი და "ოლე" შესძახე ტრიბუნებს.
გამოდი, დაჭრილი 
მოვედი ომიდან
და შენს თავს ვიბრუნებ.



შეხვედრა

მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი 
ჩვენს შორის მანძილს დავწნი სამძივედ 
ხელში აგიყვან მკლავების ტალღით 
და დაგაძინებ. 
ჩვენი სიზმრების ბრთხილი შეხებით 
მყუდრო ნაპირზე 
ამოვა მზე და ერთი შეხედვით 
გამოგაღვიძებ.

ქუჩაა,
ღამე
და ვიღაცის პროსპექტი,
ჩიტები უცდიან წვიმას,
რომ გაერთონ,
მსურდეს და უთუოდ
სიგარეტს მოვწევდი,
ნეტავი ვიცოდე,
რა მინდა
საერთოდ.

გელოდე იმდენხანს,
კინაღამ მივღამდი,
ვკანკალებ,
ქურთუკს კი აწვალებს
სიცივე,
საათებს მოვხსენი
სიყალბის ნიღაბი,
მერე კი დავჯექი,
უშენოდ ვიცინე.

ფაქტია არ მოხვალ,
გიცდიდი რის გამო,
ხელები ცივია,
მზერაზე ნაკლებად,
ჩერდება
დროება და უნდა
იწამო –
მიყვარხარ!
ახლა კი ავტობუსს გავყვები


მთვარესთან საკეკლუცოდ გამოსულა

ცაზე ვარსკვლავების დასი,

მინდა,რომ შევსვა სადღეგრძელო

ღვინით ამივსეთ თასი.

მარტის პირველ დღეებს გაუმარჯოს

ხასიათი რომ აქვს ქალის,

მთის იმ თეთრ მწვერვალებს გაუმარჯოს

ნამად რომ იქცევა ბარის.

ბალახის ღეროებს ამწვანებულს

რიჟრაჟზე რომ აწევს ცვარი,

მორცხვად ყელშეღერილ ყოჩივარდებს

თვალს რომ შეგავლებენ წამით.

ტოროლას გალობას განთიადზე

სიყვარულს რომ აქსოვს ხმაში,

თევზების მაცდურ ტანის რხევას

მდუმარედ გიხმობენ ზღვაში.

ქალის მოშიშვლებულ გულმკერდს ათქვირებულს

ჟრუანტელს რომ გგვრის ტანში,

მზენაქსოვ დალალებს,მხრებზე დაყრილს,

რომ ეწეწება ქარში.

ლამაზი ღამეების გიჟურ თევას

სინათლე რომ ახლავს მთვარის,

მოდით იმ გაზაფხულს გაუმარჯოს

სურნელი რომ უდის ქალის.  


*** **** **** 
ღამემ სიზმარი მომიქსოვა ისეთი თბილი,

როგორც მიქსოვდა შალის წინდას ბებია წინათ.

როცა გიხილე შენ იყავი ბავშვივით ჩვილი

და შემიყვარდი მეც პატარა ბავშვივით წმინდად.

ციდან ეშვება ვარსკვლავების ციმციმა ფიფქი

და ჩემს მახლობლად პოულობენ პატარა ბინას,

ზღაპრულ ორკესტრთან სიყვარულის იმღერეს ჰიმნი

და ამ ჰანგებში ჩამეძინა მეც უფრო მშვიდად.

უშენოდ ზეცას შემოაწვა მწუხრი და ბინდი,

მარტო ვიყავი და ჩემს გულში წვიმდა და წვიმდა,

ეხლა კი როცა მოგიპოვე ვფიქრობ და მივხვდი,

რომ შენთან ერთად ჯოჯოხეთში ცხოვრებაც მინდა.

ღამემ საბანი შემიკერა ისეთი თბილი

მოხუც ბებიამ,რომ იცოდა დიდი ხნის წინათ.