среда, 30 сентября 2009 г.

საიას იურისტის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ

სტატიას ვგეგმავდი, ფაქტებს ვიძიებდი თუ ვწერდი… ეჭვს შევიტანდი რაიმე სამართლებრივ საკითხში, ნებისმიერ დროს გენოს ვურეკავდი... მიჭირს დავიჯერო, რომ აღარაა...

ერთხელ სტატია მოვამზადე, რამდენიმე იურისტი მყავდა ჩაწერილი, მათ შორის გენო. რედაქტორმა ადვოკატების ფოტოები მომთხოვა, გენოს ფოტო არ მქონდა, დავურეკე და ვთხოვე,  მისი ფოტოს მაილით  გამოგზავნა. ცოტა ხანში დამირეკა და მითხრა ჩემს ფოტოებში რაც ყველაზე უკეთესი ავარჩიე და აი იმას გიგზავნიო. აი ეს ფოტო გამომიგზავნა. მაშინ ეს ფოტო გაზეთში ვერ  დავბეჭდე...

ახლა კი

ვიცი ძალიან მოსწონდა ეს ფოტო :( 

26 სექტემბერს, დილის 5 საათზე, ხაშურში ავტოკატასტროფა მოხდა. მანქანაში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გენო ქარცივაძე და მისი მეგობარი ზვიად სურმანიძე თბილისში მოსამართლის გამოცდის ჩასაბარებლად მიდიოდნენ. მათთან ერთად გენოს თანამშრომელი გია და მეოთხეკლასელი გოგონა _ გენოს ბიძაშვილი მგზავრობდნენ. 


ავტოავარიის შემდეგ გენოს თავად გამოუძახებია საპატრულო პოლიცია. ავტომანქანიდან ბავშვიც მას ამოუყვანია. ~ნაკაწრიც არ ჰქონდა, დადიოდა, ხაშურის საავადმყოფოში მისული მეგობრებს ამშვიდებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა… ორი საათის შემდეგ მოულოდნელად სუნთქვა შეეკრა და გაითიშა… გარდაცვლილს ექსპერტიზა გორის პროზექტურაში ჩაუტარდა. ექსპერტმა დაადგინა, რომ თავში სისხლი ჩაექცა~.

გიული ხიმშიაშვილი (საია): ~რვა თვეა გენოს თანაშემწედ ვმუშაობ. საკუთარი პროფესიისა და საქმის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა. თუ ხედავდა, რომ რამე არასწორად კეთდებოდა, კრიტიკული აზრის გამოთქმას არ ერიდებოდა. ამ ყველაფერთან ერთად ძალიან მეგობრული იყო…~
რამინ გვარიშვილი (იურისტი): ~საუკეთესო მეგობარი და პროფესიონალი იურისტი იყო…~
გენო გელაძე, (იურისტი): ~მიმაჩნია, რომ საქართველომ და განსაკუთრებით აჭარის რეგიონმა, სერიოზული იურისტი დაკარგა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით მქონდა გენოსთან ურთიერთობა. იგი ნამდვილი პროფესიონალი იყო~. 
ედიშერ მახარაძე (იურისტი): ~ჩემი სტუდენტი იყო. 25 წლის ასაკში უკვე პროფესიონალი იურისტი. უკეთილშობილესი ადამიანი და ნამდვილი ქართველი~. 
თინათინ ჭკუასელი, (ტელეკომპანია 25) : ~ყოველთვის მზად იყო რჩევები მოეცა ჩვენთვის ან კომენტარი გაეკეთებინა. ჩვენი ტელევიზიისთვის გენო ქარცივაძე საიმედო რესპონდენტი იყო, თავშეკავებული და გაწონასწორებული~. 
ლადო მგალობლიშვილი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში: ~თავმდაბალი პროფესიონალი და უაღრესად პატიოსანი იყო…~
ნინო ტავლალაშვილი (საია): ~ძალიან ჭკვიანი და მიზანმიმართული იყო. პირველივე ლექციიდან დამამახსოვრა თავი… თანამშრომლობის გარდა მასთან მეგობრობა მაკავშირებდა. ერთი წყენაც არ მახსენდება მისგან… ~